Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ იურიდიული ფაკულტეტი ყველა სტუდენტს გილოცავთ უნივერსიტეტის დასრულებას და ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას!



20 ივლისს თსუ იურიდიული ფაკულტეტის სამართლისა და საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა.

 


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიული ფაკულტეტის შექმნიდან 100 წლის თავზე სწავლა დაასრულა და იურიდიულ პროფესიას შეუერთდა, თსუ-ის მე-100 მიღების იურიდიული ფაკულტეტის სამართლისა და საერთაშორისო სამართლი საბაკალავრო პროგრამის 432 სტუდენტი, ხოლო მაგისტრატურის პროგრამის - 124 სტუდენტი.

 


თსუ იურიდიულმა ფაკულტეტმა ზუსტად ასი წლის წინ უნივერსიტეტის კედლებში, საქართველოში და ამიერკავკასიაში პირველად, დაიწყო და დღემდე წარმატებით აგრძელებს უმაღლესი იურიდიული განათლების ტრადიციას. დღესაც სწორედ გამორჩეული აკადემიური გუნდი და საუკეთესო სტუდენტები ქმნიან ამიერკავკასიაში საუკეთესო სამართლის სკოლას. 

 


თსუ იურიდიული ფაკულტეტი სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ ფუნდამენტური იურიდიული განათლება იმ პროფესორებთან, რომლებიც ქმნიან ქართულ იურისპრუდენციას, შეიძინონ მეგობრები, რომლბიც მთელი ცხოვრების მანძილზე გაყვებიან და აჩუქებენ ბევრ სიყვარულს და პროფესიულ მხარდაჭერას და ეს არის ის ერთობა - რომელიც გამოარჩევს თსუ იურიდიულ ფაკულტეტს და აქცევს მას მთელი ცხოვრების თანამეგობრობად - consortium omnis vite .

 


სტუდენტებს მიესალმა თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, მიულოცა სტუდენტებს უნივერსიტეტის დასრულება და წარმატებები უსურვა: 
„მე მჯერა, რომ ბევრი თქვენგანი ძალიან წარმატებული იქნებით ცხოვრებაში და მოახდენთ თქვენი ყველაზე თამამი და ამბიციური გეგმების რეალიზებას. თუმცა თუკი აქ, უნივერსიტეტში, თქვენ ზუსტად იცით  რა არის საჭირო  წარმატებისთვის, წარმატება ცხოვრებაში, უკვე აღარ განისაზღვრება თქვენი აკადემიური მოსწრებით და უკვდავი ჯიპიეით, ის დამოკიდებულია ბევრ სხვა გარემოებაზე და თითოეული თქვენგანი აღმოაჩენს ამას საკუთარი თავისთვის.

 


მე გისურვებთ, რომ თქვენ იპოვოთ თქვენი თავი ჩვენს, მართლაც განსაკუთრებულ, იურიდიულ პროფესიაში. როგორც ერთი ფრანგი დრამატურგი ამბობდა, სამართალი წარმოსახვის ყველაზე ძლიერი სკოლაა. არც ერთ პოეტს ისე თავისუფლად არ აღუწერია ბუნება, როგორც იურისტს - რეალობა. მე ვისურვებდი, რომ თქვენ ხელი შეუწყოთ უფრო მეტად  ღირსეული, ეთიკური და კეთილსინდისიერი იურიდიული პროფესიის ფორმირებას და ამით ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებას. პროფესიონალიზმი მნიშვნელოვანი უპირატესობაა, განსაკუთრებით თქვენს ასაკში. და კიდევ ერთი: გიყვარდეთ ის, რასაც აკეთებთ და გახდით საუკეთესონი თქვენს საქმეში. ამის შესაძლებლობას თქვენ ნამდვილად გაძლევთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი - პირველი სამართლის სკოლა კავკასიაში.

 


კიდევ ერთხელ, ყველა კურსდამთავრებულს გილოცავთ თსუ იურიდიული ფაკულტეტის წარმატებით დასრულებას. გისურვებთ მთელი ცხოვრების მანძილზე ღირებულებების ერთგული, კეთილსინდისიერები, თქვენი საქმის პროფესიონალები, საქართველოს ღირსეული მოქალაქეები ყოფილიყავით.“

 


სტუდენტებს უნივერსიტეტის დასრულება მიულოცა უნივერსიტეტის რექტორმა - ბატონმა გიორგი შარვაშიძემ.

 


ასევე სიტყვით გამოვიდნენ, სტუდენტებს უნივერსიტეტის დასრულება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს მოწვეულმა სტუმრებმა და ჩვენმა პროფესორებმა -
-    ბერლინის შტაინბეის უნივერსიტეტის რექტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი 2006 - 2010 წლებში, ჩვენი ფაკულტეტის პროფესორი - გიორგი ხუბუა;
-    თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი - ირმა ხარშილაძე;
-    საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი - ირინე ქურდაძე;
-    საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, თსუ იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი - გიორგი კვერენჩხილაძე;
-    თსუ იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი - ნანა ჭიღლაძე;
-    საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, თსუ იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი - თამარ ზამბახიძე.

 


ღონისძიება გაგრძელდა ტრადიციული ნაწილით და დასახელდა სამართლისა და საერთაშორისო საბაკალავრო პროგრამისა და სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის საუკეთესო აკადემიური მოსწრების სტუდენტები, რომლებსაც სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ ფაკულტეტისგან.

 


თსუ იურიდიული ფაკულტეტის სამართლისა და საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის საუკეთესო აკადემიური მოსწრების კურსდამთავრებული გახდა - ნიკა უსუფაშვილი, ხოლო თსუ იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის საუკეთესო აკადემიური მოსწრების კურსდამთავრებული - ირაკლი ლეონიძე.

 


იურიდიული ფაკულტეტის 2022 წლის ყველა კურსდამთავრებულის სახელი და გავრი კიდევ ერთხელ გაჟღერდა უნივერსიტეტის კედლებში და შეხვედრა დასრულდა ქუდების აყრის ცერემონიალით.

 


ოფიციალური ცერემონიალის დასრულების შემდეგ დაიწყო ღონისძიების მუსიკალური ნაწილი. კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ საღამოს მუსიკალურად აფორმებდნენ Rezo Da Bavshvebi / რეზო და ბავშვები და DJ Katse.

 


___
თსუ იურიდიული ფაკულტეტი კიდევ ერთხელ გილოცავთ უნივერსიტეტის დასრულებას, უამრავ წარმატებას გისურვებთ და იმედს ვიტოვებთ, განათლების შემდეგ საფეხურზე კვლავ დაგვიბრუნდებით. უნივერსიტეტიდან არ მიდიან, უნივერსიტეტი ყოველთვის იქნება თქვენი ცხოვრების ნაწილი, მთელი ცხოვრების თანამეგობრობა.

 

თსუ იურიდიული ფაკულტეტი - consortium omnis vite.